ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანი წითლიძე ქალი ოპოზიციონერების მიმართ ქართული ოცნების წევრების შეურაცხმყოფელ გამოსვლებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციას ებრძვიან, რის გამოც, მათი მხრიდან შეურაცხყოფა "პატივია".
"ირაკლი ბერაიაც და ალუდა ღუდუშაურიც მონაწილეობენ იმაში, რომ ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნონ და ებრძვიან ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. პირიქით, ამ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა ჩემთვის, რეალურად, არის პატივი. ალუდა ღუდუშაურმა ხომ იცის, რომ ასეთი შეურაცხყოფები უნდა მიაყენოს პოლიტიკურ ოპონენტებს იმისთვის, რომ მომავალ სიაში ჩასმის შესაძლებლობა გაჩნდეს. მეტი, ალუდა რატომ უნდა ჩასვან სიაში?", - განაცხადა წითლიძემ ფორმულასთან.
დღეს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.