ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 5-მა ოპოზიციონერმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კენჭისყრაზე, "უნდა აიღონ პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა."
წითლიძე ასევე ამბობს, რომ ის ვერ ხედავს ამ ოპოზიციონერების ადგილს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ასევე აცხადებს, რომ მათ თავად უნდა განმარტონ "თუ რატომ მიიღეს მონაწილეობა ამ ყველაფერში."
"ამ ადამიანებმა თავად უნდა გააკეთონ განცხადებები და განმარტებები, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ის არგუმენტები, რომლებიც მოვისმინე ამ ადამიანებისგან ნამდვილად არ არის საკმარისი და ნამდვილად არ არის მისაღები. ამ ხუთიდან ერთ-ერთმა რაღაც გაუგებრობას მიაწერა ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ერთი არის ფაქტი, რომ დღეს, ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა იმისი, რომ ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. [...] ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს თუ როგორ გაგრძელდება ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად, ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში."- განაცხადა ანა წითლიძემ.
* * *
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.