წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, 24 მძევალია გათავისუფლებული.
"ჩვენ ვადასტურებთ 24 მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ამ გათავისუფლებას რაფას საზღვრამდე მათი გადაყვანით, მხარეებს შორის ნეიტრალური შუამავლის როლის შესრულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.
დღეს ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა. ასობით ადამიანი ეგვიპტიდან ღაზაში გადასვლას ელოდებოდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველ ეტაპზე ჰამასი 13 მძევალს გათავისუფლებდა, საპასუხოდ კი ისრაელი 39 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. საერთო ჯამში, ჰამასის მხრიდან 50 მძევლის გათავისუფლება იგეგმება.
მძევლების გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰამასმა პალესტინელი პატიმრების სია გაასაჯაროვა. მათგან 24 ქალი და 15 არასრულწლოვანია. სიაში შემავალი ადამიანების უმრავლესობა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან არიან.