ქარბუქის გამო, ევერესტის ტიბეტურ მხარეს 1 000-მდე ადამიანია ჩარჩენილი

ქარბუქის გამო, ევერესტის ტიბეტურ მხარეს 1 000-მდე ადამიანია ჩარჩენილი

ტიბეტში, ევერესტის აღმოსავლეთ ფერდობზე, ძლიერი ნალექის გამო ათასამდე ადამიანია ჩარჩენილი. ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, დაწყებულია მაშველების მასშტაბური ოპერაცია ბანაკებამდე მისასვლელი გზების გასაწმენდად.

ადგილზე ასობით მაშველი და ადგილობრივი მოხალისე მუშაობს, რათა 4 900 მეტრზე მდებარე ბანაკებისკენ მისასვლელი თოვლით დაფარული გზები გახსნას. Jimu News-ის ინფორმაციით, ტურისტების ნაწილმა უკვე შეძლო მთიდან ჩამოსვლა.

საზღვრის მეორე მხარეს, ნეპალში, გადაუღებელმა წვიმებმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. პარასკევიდან დღემდე დაიღუპა მინიმუმ 47 ადამიანი. პოლიციის ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ ილამის რეგიონში, რომელიც ინდოეთს ესაზღვრება, მეწყერმა 35 ადამიანი იმსხვერპლა.