წილოსანი: ორგანიზაციას, რომელიც ბაზაში არ დარეგისტრირდება, სამინისტრო დაარეგისტრირებს

წილოსანი: ორგანიზაციას, რომელიც ბაზაში არ დარეგისტრირდება, სამინისტრო დაარეგისტრირებს

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს.

წილოსანი ამბობს, რომ რუსული კანონის მოქმედების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს ამის "უფლება და ვალდებულება" აქვს.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის თქმით, უწყებას აქვს ვალდებულება მათ შორის ფიზიკური პირებისგან მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებზე.

წილოსანი ასევე ფიქრობს, რომ "ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულოს კანონი".

"ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში და ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. თუმცა ამის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი.

მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და აქვს ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში.

მათ შორის, იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე თუ უნდა ეთანამშრომლონ ადამიანები, თუ სხვა ორგანიზაციები, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ NGO-ების დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, უნდა აღასრულოს ის კანონი, რომელიც მათივე ინტერესს ემსახურება და არ უნდა შეუწყონ ხელი ამ მავნებლურ პირდაპირ აგენტურად ქცეულ არასამთავრონო ორგანიზაციებს, რომ დარჩნენ ჩრდილში და თავისი საქმეები აკეთონ ასე მალულად"- თქვა წილოსანმა.


დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა

კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

დღეიდან რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა, რეალურად კი, რუსული და უნგრული პრაქტიკების გათვალისწინებით, კანონი ბერკეტია ხელისუფლებისთვის კრიტიკული აზრის ჩასახშობად.

კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.