მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა. შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია...
ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია.
არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმიანობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო. მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია
განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლორა თორნტონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.