თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე გოშაძის დედამ განაცხადა, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ყველაფერს გააკეთებს, რათა შვილი სახლში დააბრუნოს.
ამასთან, მარია კობახიძეს თქმით ბრალდებულის მშობლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.
"არ იყო მოულოდნელი. ჯერ რა უნდა მოვთხოვო მოსამართლეს, როცა დილიდან აქ ვართ და ბავშვები ისე გადაიყვანეს ციხეში, ჩვენ არ ვიცოდით ოჯახის წევრებმა. ჩვენი შვილები რომ დაგვენახა იმ პატარა შუშაში, ამის გამო ვიდექით აქ, თორემ წავიდოდით სახლებში. ისედაც ვიცოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები მეტი არაფერი - დიდი საქონლები. ამათი დღეც დადგება აუცილებლად. მე ვიამაყებ ჩემი შვილით და ამათ შვილებს შერცხვებათ თავისი დედების და მამების. მე ნამდვილად ვიამაყებ.
თორნიკე ძალიან გავნერვიულდი, თუ მოუსმენ ამ კომენტარს არ ინერვიულო, შენ იცი ჩემი ემოციები, ამიტომ მე არავის და არაფრის არ მეშინია, ხომ იცი რამდენად ძლიერი ადამიანი ვარ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ იყო ოჯახის გვერდით. მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე ძალიან კარგი შვილი, არაფერი არ გამიჭირდება ცოტა ხანი მოვითმინოთ და ყველაფერი დამთავრდება იმიტომ, რომ თქვენს გვერდით დგას მთელი საქართველო და მსოფლიო. ჩვენ შევხდებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ ყაველაშვილს არ ვთვლი პრეზიდენტად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ძალიან კარგად", - განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ.
***
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული - ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. მან გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათათბიროდ არც კი გასულა.
იქამდე კი მოსამართლემ მათ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა, რასაც ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი სასამართლოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ხუსკივაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატები უჰაერობაზე ალაპარაკდნენ და პროცესის დიდ დარბაზში გადატანას ითხოვდნენ, რაც მანამდე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დაფიონის დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.