ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე ბათუმელებისთვის მიწერილ წერილში წერს.
წერილში ის აღნიშნავს, რომ მასზე ძალადობის დროს ადგილზე იყო პოლიციის ოფიცერი თენგიზ კვირკველიაც. თემურ ქათამაძე წერს, რომ ამ ოფიცერთან სხვა საქმის გამო ჰქონდა შეხება. პოლიციის სამმართველოში შეყვანის შემდეგ, ოფიცერმა თავი შეახსენა და უთხრა, რომ "დეპორტი მოუწევდა".
"11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: "აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?" - წერს ის.
თემურ ქათამაძე აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და რასისტულად მიმართავდნენ.
"ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინეს 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით "შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან".
მე ვუპასუხე: "თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი", - ნათქვამია წერილში.
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. 16 იანვარს ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს. 18 იანვარს მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.