თბილისში დიდგაბარიტებიანი ტრანსპორტისთვის შეზღუდვები მკაცრდება, ჯარიმები კი იზრდება

თბილისში დიდგაბარიტებიანი ტრანსპორტისთვის შეზღუდვები მკაცრდება, ჯარიმები კი იზრდება

დღეიდან თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები მკაცრდება, არსებული ჯარიმები კი იზრდება.

კერძოდ, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გამეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.

აქამდე მოქმედი ნორმით ჯარიმა 100 ლარს შეადგენდა.

ცვლილებების თანახმად, ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:

• საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;

• იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;


• მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;

• ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 2023 წლის ნოემბერში მიიღო.