კობახიძე ჩიტაშვილზე: როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თსუ-ში

კობახიძე ჩიტაშვილზე: როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თსუ-ში

ქართული ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თსუ-ის პროფესორ მარინა ჩიტაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში "ძალიან მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობაა".

კობახიძეს კითხვა იმედმა დაუსვა.

"ეს აჩვენებს იმას, რომ ტრაგიკული მდგომარეობაა ჩვენს საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული სისტემა, 2004-2012 წლებში ბოლომდე შეაღწია მაშინდელმა ავტორიტარულმა მმართველობამ უნივერსიტეტებში, მათ შორის თსუ-შიც.

მათ შორის, საკადრო საკითხებს ალაგებდა პირდაპირ მაშინდელი ავტორიტარული მმართველობა და ამის გამოძახილია, რომ მრავლად არიან დღესაც ასეთი ადამიანები უნვიერსიტეტში, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ეს არის ტრაგიკული მოვლენა", - თქვა კობახიძემ.

ჩიტაშვილმა ფორმულას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრა. ამ ინტერვიუს შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ჩიტაშვილს "რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი" უწოდა.

"წარმოდგენა არ მქონდა თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ.

არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის...

იცით რატომ მინდა ევროინტეგრაცია? ასეთი ბრალდებისათვის გიჩივლებდით სასამართლოში ცილისწამებისთვის და მოგიგებდით სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე", - მიმართა ჩიტაშვილმა პაპუაშვილს.