თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 2 მილიარდ 455 მლნ ლარი იქნება.
2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ წარადგინა - კენჭისყრაში მონაწილეობა 27 წევრმა მიიღო. 27-ივემ მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი სხდომაზე არავინ არ იყო.
მისი განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი:
- გზები – 155 მლნ ლარი;
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა – 183 მლნ ლარი;
- კეთილმოწყობის ღონისძიებები – 86 მლნ ლარი;
- ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები – 24 მლნ ლარი;
- ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება – 21 მლნ ლარი;
- პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია – 52 მლნ ლარი;
- თბილისის განვითარების ფონდის პროექტები – 46 მლნ ლარი;
- სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია – 11 მლნ ლარი;
- ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 14 მლნ ლარი.
- ხმალაძემ ასევე თქვა, რომ მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია – 218 მლნ ლარი;
- ტრანსპორტის სუბსიდია – 396 მლნ ლარი;
- დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი;
- ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი.
სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა - ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.