ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-ზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც "არათანაბარი". ამასთანავე ყურადღება გამახვილებულია მოვლენებზე, რომლებიც ე.წ. "რუსული კანონის" მიღებისას განვითარდა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, კანონი გამოხატვის თავისუფლებას ძირს უთხრიდა.
Human Rights Watch-ის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თავდასხმას მედიაზე და მთავრობის მხრიდან მომავალ მტრულ რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
გარდა მედიაგარემოსი, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებსა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
HRW-ის ამ ქვეთავში ნათქვამია, რომ 2023 წლის თებერვალში ქართულმა ოცნებამ მოახდინა "საკამათო" კანონპროექტის ინიციირება. კერძოდ, მოცემული ინიციატივა მედიას ან სხვა არასამთავრობო ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი წლიური შემოსავლის 20%-ს ან მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, ავალდებულებდა დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც "უცხოური გავლენის აგენტები". ხოლო ამ კანონის არ შესრულებას მკაცრი ჯარიმები, მათ შორის სისხლის სამართლის დევნა მოჰყვებოდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ევროკავშირის სტრუქტურების, საქართველოს ომბუდსმენის ოფისისა და ქართული საზოგადოების უკმაყოფილებისა, ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო კანონპროექტი.
გარდა ამისა, HRW-ი ანგარიშში ასევე წერს, რომ მთავრობის მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება
HRW-ის ანგარიშის ამ ქვეთავში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა და არაერთმა ორგანიზაციამ აღნიშნა "პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა".
"სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები არაპროპორციული და არასაჭირო იყო".
ქვეთავში ასევე აღნიშნულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული ბრალდების გამოყენების "მუდმივი პრობლემა" მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაკავებლად. კერძოდ, "სასამართლოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს."
ქვეთავში ასევე ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:
თავდასხმები ჟურნალისტებსა და მედიაზე
Human Rights Watch-ის ანგარიშის მომდევნო ქვეთავი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ არაერთ მუქარასა და თავდასხმას ეხება.
"ივნისში ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მოგვიანებით თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში, თავის პოსტში განაცხადა, რომ თავდასხმა მშვილდაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკის პასუხი იყო." მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, "მიშა მშვილდაძე მაინც გამოთქვამს ეჭვებს გამოძიების მიმართ და განხორციელებულ თავდასხმაში სახელმწიფოს პოტენციურ მონაწილეობაზე მიუთითებს."
HRW-ის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის მხრიდან მედიის შეზღუდვისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული კანონი, რომელიც "უფლებას იძლევა მედიის წარმომადგენლებს აეკრძალოთ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, თუ ჟურნალისტები პარლამენტის წევრების კითხვების დაუსვამენ მას შემდეგ, რაც ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე."
ასევე საუბარია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაზრდილ უფლებებზე, რომელსაც შეუძლია "დააჯარიმოს მედია საშუალება უხამსობისა და სიძულვილის ენის გავრცელებისთვის." ქართული უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ეს ცვლილებები "სერიოზული ცენზურისა და მედია მაუწყებლის საქმიანობაში ჩარების დიდ რისკებს აჩენს."
სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და გენდერული თანასწორობა
ანგარიშის ამ ქვეთავში მოხსენიებულია "8 ივლისს თბილისი პრაიდ ფესტივალზე ულტრა მემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომლებმაც პოლიციისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ფესტივალის ჩატარების ადგილი გაძარცვეს და გაანადგურეს." ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა თავდასხმასთან დაკავშირებით არავინ დაუკავებია.
ქვეთავში ასევე საუბარია მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელშიც "წინა სტრატეგიასთან შედარებით, არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები." ამან კი როგორ საქართველოს შიგნით, ასევე მის საერთაშორისო პარტნიორებში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ასევე 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა იმის გამო, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერებს არ ეძლეოდათ უფლება შეენაცვლებინათ სქესი ოფიციალურ დოკუმენტებზე სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურის გავლის გარეშე.
"გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც მიღებულია 2022 წლის დეკემბერში, ვერ მოიცავს გენდერის კონცეფციას მთელი მისი მრავალფეროვნებით, რითაც არ ცნობს ყველა ქალის უფლებებს. საპარლამენტო განხილვისას წევრებმა უარი თქვეს ლგბტ პირების საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვაზე", - წერია ანგარიშში.
ძირითადი საერთაშორისო აქტორები
ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსახორციელებელი 12 რეფორმიდან, სრულიად მხოლოდ სამი მათგანი ჰქონდა შესრულებული. თუმცა კომისიამ მაინც გაუწია რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ გაგებით, რომ ქვეყანა დააკმაყოფილებდა დარჩენილ პრიორიტეტებსაც. მათ შორისაა მედიისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნის გარანტია, „მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ უფლებების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.
ანგარიშში ადგილი ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. უფრო კონკრეტულად, მოხსენიებულია, რომ 2023 წლის თებერვლის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა გამოხატა „დიდი შეშფოთება“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მოითხოვა მისი გათავისუფლება და საზღვარგარეთ მისი "სათანადო სამედიცინო მკურნალობა."
ამასთანავე მარტის შემაჯამებელ დაკვირვებებში გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, "აღმოფხვრას გენდერული ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის ოჯახური და სექსუალური ძალადობა, მოახდინოს მათი ეფექტური გამოძიება და დასაჯოს ყველა დამნაშავე."
აპრილში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ საკანონმდებლო და პოლიტიკის პროგრესს, მაგრამ, ამასთანავე, მოუწოდა საქართველოს მიიღოს ყოვლისმომცველი სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დასანერგად.
"აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს "მსხვილ კორუფციაში მონაწილეობისთვის" და აუკრძალა მათ და თავიანთ ოჯახებს შეერთებულ შტატებში შესვლა", - აღნიშნულია HRW-ის ანგარიშში.