
"დონალდ ტრამპი - მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის, უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტია." - ეს არც მეტი არც ნაკლები, დღეს, იმ კაცის პრესმდივნის მიერ ნათქვამი სიტყვებია, რომელსაც წლებია, არათუ "ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად," - სულ იმას იმეორებს, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოს მართავს, მისი სიდიდეც არ აკმაყოფილებს და სადაც რუსი სალდათი ფეხს დაადგამს - ისიც სამუდამოდ მისი უნდა იყოს...
მოკლედ შიშს, ამ შემთხვევაში კრემლის ბინადარისას - დიდი თვალები და დაშაქრული ენა აქვს.
მას, როგორც ლენინგრადის კრიმინალური ეზოდან გამოსულ მოძალადეს, გებეშნიკური წვრთნით და სიეშმაკით მხოლოდ ძალის ენა ესმის... მიდის იქამდე, სანამ წინააღმდეგობა არ ხვდება... მასთან მოკავშირეობაც უმეტესწილად სურვილის გასაღებაა, ვიდრე რეალობა და შესაძლებლობა. მას მხოლოდ ღირსებააყრილი მონები სჭირდება, თავისი ხალხიც კი ასეთად აქცია...
ის თავად შეიძლება ეშურვებოდეს მოკავშირის სახელს, ისიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში - მაგალითად დიდ ჩინეთთან, რომელიც თავის მხრივ სიამოვნებით იღებს ყველა იმ სარგებელს, რომელიც ფინეთის პრეზიდენტის სიტყვებით რომ დავახასიათოთ - ამ "სტრატეგიული დონის სულელმა" საკუთარ ქვეყანას და რუსეთის მომავალს დამართა. დაჭრილი დათვიც რომ სახიფათოა ამას სასულიერო იერარქიის მაღალ საფეხურზე შემთხვევით, უფრო კი პირიქით - ჩვენნაირი მრევლისთვის ჭკუის სასწავლებლად და კრიტიკული აზროვნების გამოსაღვიძებლად, უფლის ნებით მოხვედრილი ბრძნადმეტყველი იაკობის ჩაანალიზება არ ჭირდება. უბედურება ისაა, მეორე უკიდურესობაში რომ გადააგდო ქვეყანა კაცმა, რომელსაც ბალანსირება და "პრაგმატული პოლიტიკა" 13 წლის წინ, მთავარ საარჩევნო დაპირებად აქვს შესაღებული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღლილი, ტრავმირებული და იმ დროს დასავლეთის უნიათობისა და წინდაუხედაობის გამო სამართლიანად განაწყენებული და იმედგაცრუებული ქართველი ხალხისთვის.
ამიტომაც ხვდება ნოყიერი ნიადაგი ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაწყებულ და ბოლოს კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძეების პირიდან გადმოფრქვეულ იდეოლოგიურ საწამლავს, რომელიც რუსეთის მიერ მოხაზულ სამოძრაო კვადრატში ქართველების მიერ ღირსებაზე უარის თქმას, დასავლეთისგან დისტანცირებას და სამაგიეროდ რუსეთიდანვე თავდაუსხმელობის ეფემერულ გარანტიაზე იფურჩქნება. დღეს რომ ცოცხალი იყოს, დგებუაძის აწითლებული ლოყისა და ქართველი ვაჟკაცების უკანალის დაცვით გადაფარული ნამდვილი შიშის შეფასებისას, თანამედროვე ქართველების არცთუმცირე ნაწილზე მეეჭვება, უფრო რბილად ეთქვა ოთარ ჭილაძეს: "ქართველს მობეზრდა ქართველობა. დაიღალა. გაწამდა. ქართველობა მხოლოდ ეროვნება არ არის - გარკვეული გაგებით სასჯელიცაა და რაც ყველაზე ძნელი ასატანია, სასჯელია ჩაუდენელი დანაშაულისათვის. მხატვრულად რომ ვთქვათ, ქართველი ძირგახვრეტილი ნავის მგზავრია და გადარჩენა თუ უნდა, განუწყვეტლივ წყლის სახაპავი უნდა ეჭიროს ხელში - ერთი წამითაც თუ მოხუჭა თვალი, ნავი წყლით აივსება...
საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაზე ვერაგული გამოსავალი ნახა საქართველოს მოსასპობად - ქართველი "გაანთავისუფლა" ქართველობისგან, ანუ თანდათნობით დაუჩლუნგა, მოუსპო ეროვნული ღირსების გრძნობა. აქედან გამომდინარე, ქართველის "გადაჯდომა" ძირგაბურღული" ნავიდან (საქართველოდან!) სხვა, უფრო საიმედო "ნავში", ქვეყნის ღალატად კი არ ითვლება, არამედ გადარჩენად..."
მოკლედ, სინამდვილეში არც ევროპა, არც აზია, არც რუსეთი და ამერიკა არაფერ შუაშია.. ახლა სრული გულწრფელობის დრო დგება... და ჩვენ გვაქვს პასუხი გასაცემი კითხვაზე - დავიღალეთ ქართველობით?! აღარ შეგვიძლია თავისუფლების ნავიდან შემოპარული ჭაობის წყლის უწყვეტად ხაპვა? შევეგუოთ, რომ აბორდაჟზე ავეკიდოთ ცივილიზაციური ფსკერისკენ მიმავალ რუსულ კარაბლს, რომელიც ისტორიულ მოუსავლეთში იყოლიებს ამ უძველესი და უწყვეტი კულტურის ერს?! თუ გვაქვს ღირსება, ძალა და ეროვნული ენერგია სამშვიდობოს ასე ახლოს მისულებმა ნიჩბები მოვიქნიოთ?!.. ესაა მთავარი კითხვა, რომელიც ყველამ, მათ შორის, პირველ რიგში რუსეთისგან შეშინებულებმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ! ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გარეშე ნურავინ მოიტყუებს თვს, რომ ფონს გავა.. რადგან, ისევ ოთარ ჭელიძეს რომ დავესესხოთ: "ტყუილად ნუ ექნება იმედი ვინმეს, ტრაკით მიაღწევს იმას, რისი თავიც არა აქვს..."