ავღანეთის სათავეში მოსულმა რადიკალურმა მოძრაობა თალიბანმა ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის მოქმედება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ამერიკის ხმა ავრცელებს.
აკრძალვის შემოღების თაობაზე ინფორმაცია ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბების იუსტიციის მინისტრმა აბდულ ჰაკიმ შარაიმ გამოაცხადა. მისი თქმით, პარტიათა საქმიანობა ისლამურ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თორეკ ფარჰადის, ავღანელი პოლიტიკოსის თქმით, პარტიებს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ არეულობის გამოწვევა შეუძლიათ.
"რამდენადაც პოლიტიკურად არაკორექტულად შეიძლება ჟღერდეს, პოლიტიკურ პარტიებს დღეს ავღანეთში არასაჭირო განხეთქილების შექმნა შეუძლიათ და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ქვეყანას სჭირდება," - ამბობს თორეკ ფარჰადი.
ცნობილია, რომ ორი წლის წინ, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, ავღანეთში, იუსტიციის სამინისტროში 70-ზე მეტი დიდი და მცირე პოლიტიკური პარტია იყო ოფიციალურად რეგისტრირებული. კონტროლის მოპოვების შემდეგ თალიბანს ხშირად ადანაშაულებენ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში. ქვეყნის დატოვება მოუწია არაერთ პოლიტიკოსს თუ მედიის წარმომადგენელს.
ქვეყანაში მძაფრ ხასიათს აღწევს ქალების მიმართ დისკრიმინაცია. გოგონებს ჩამოერთვათ ექვს კლასს მიღმა სწავლის გაგრძელების უფლება, მკაცრადაა შეზღუდული ქალთა სამუშაო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების უფლებებიც.
მოძრაობა თალიბანმა ძალაუფლება ავღანეთში 2021 წლის 15 აგვისტოს აღიდგინეს, ამ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ ომში 20-წლიანი მონაწილეობის შემდეგ თავიანთი შენაერთები ქვეყნიდან გაიყვანეს.