ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება. მისი თქმით, "ოპოზიციას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის, კანონისა და რეგლამენტის დაცვით".
"მე პირადად, ჩვენ გვრჩება პასუხისმგებლობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად, რომელთაც სჭირდებათ გრძელვადიანი სოციალური მხარდაჭერა, განსახლება და სახელმწიფოს გვერდით დგომა, ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე.
ბევრი მუქარა გვახსოვს ამ ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიებზე. შეუძლიათ შეიკრიბონ, კონსულტაციები გამართონ, გამოიტანონ საკითხი და გააკეთონ ის, რასაც თვლიან საჭიროდ, ოღონდ კანონისა და რეგლამენტის დაცვით", - ამბობს თალაკვაძე.
ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.
რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".