ტრამპზე თავდამსხმელი რესპუბლიკელების ამომრჩევლების ბაზაში იყო რეგისტრირებული

ტრამპზე თავდამსხმელი რესპუბლიკელების ამომრჩევლების ბაზაში იყო რეგისტრირებული

20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს თავს დაესხა, რესპუბლიკელების ამომრჩევლების ბაზაში იყო რეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ საჯარო ჩანაწერების მიხედვით, კრუკსმა 2021 წელს 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს.

FBI-ს ცნობით, თომას მეთიუ კრუკსი პენსილვანიის მკვიდრია და მხარდამჭერებთან შეხვედრის ჩატარების ადგილიდან 56 კილომეტრში ცხოვრობდა. მან ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს დაამთავრა. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნებოდა, როცა ის ხმის მიცემას შეძლებდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი სპეციალურმა საიდუმლო სამსახურმა გაანეიტრალა.

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.