გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: თვითდემონიზება და თვითდაზიანება

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: თვითდემონიზება და თვითდაზიანება

ოცნება თვითდემონიზების და თვიდაზიანების სპირალში შევიდა. ვიტყოდი, რომ ასე არ ექცევიან არც თანამებრძოლებს, არც თანამზრახველებსთქო... მაგრამ როგორ არა - ამის მაგალითი ქართველმა ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს. ესენიც ტირანიისკენ მიმავალ ალგორითმს მიჰყვებიან, ოღონდ ყოვეგვარი - თუნდაც უტოპიური, მაგრამ დიდი იდეის გარეშე. უიდეო ბოლშევიკების რეჟიმი.

თვითმმართველობის არჩევნების და 4 ოქტომბრის დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის პროექტის ჩაშლის შემდეგ რეჟიმმა ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი ეტაპი რეპრესიული სისტემის კიდევ უფრო მეტად დასახვეწად და იმ სისუსტეების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროტესტს და წინააღმდეგობას ჯერ კიდევ შესაძლებელს ხდის.

რამდენიმე დღეში მიღებულმა გადაწყვეტილებათა პაკეტმა ზუსტად იმ წერტილებს დაარტყა, სადაც ჯერ კიდევ სუნთქავს ორგანიზებული პროტესტი, პოლიტიკური კონკურენცია და აკადემიური თავისუფლება.
დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ოცნებამ მოახდინა გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზაცია, რითაც არამარტო რუსთაველზე, ან პოლიტიკური მოტივაციით - ნებისმიერი საბაბით ქუჩაში გამოსული უკმაყოფილების სისხლისსამართლებლივი დევნა დააკანონა.

პარალელულად, საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნით. ამკრძალავი ფორმულირებები განზრახ ბუნდოვანია და კრიტერიუმები - რეზინივით წელვადი, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას სუბიექტურ დისკრეციად აქცევს: ვის აქვს პოლიტიკურ ველზე დარჩენის და არსებობის უფლება და ვის - არა. ეს არის ავტორიტარული ლეგალიზმი - როცა კანონი თავისუფლების გარანტიდან თავისუფლების დემონტაჟის ინსტრუმენტად გარდაიქმნება.

ამ ფონზე აცხადებს განათლების „რეფორმას“, რომლითაც ოცნება უხეშად ეხება ისეთ ფართო სპექტრს ჩვენი საზოგადოებისა, როგორებიც არიან პედაგოგები, ლექტორები, მშობლები, აბიტურიენტები, სტუდენტები.

დეკლარაციული მიზანი - სტანდარტების ამაღლებაა; სინამდვილეში - სრული პოლიტიკური კონტროლის გავრცელება საუნივერსიტეტო სივრცეებზე, იქნება ის სახელმწიფო თუ კერძო. უნივერსიტეტების ავტონომიის ფაქტობრივი განულება და ევროპულ საგანმანათლებლო ეკოსისტემასთან შეუთავსებლობის ფაზაში დაბრუნება ნიშნავს ორ შედეგს: ჩვენი ახალგაზრდა თაობის კონკურენტუნარიანობის მკვეთრ დაცემას და ისედაც მაღალი ემიგრაციის ტალღის დამატებით წახალისებას - ვინც ამ იზილაციონისტური დინამიკის ჰორიზონტს ხედავს, ეცდება ევროპისკენ ბილეთი დროზე შეიძინოს, რომ სამარის და ვორონეჟის უნივერსიტეტების იმედად არ დარჩეს...

და კიდევ ერთი ,,სურპრიზი" გასული კვირისთვის: კორუფციული თვითლუსტრირების სერიალი ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაზე: პრემიერი, სუს-ის უფროსი, მთავარი პროკურორი და მათთან დაკავშირებული პირები, რომელთა ნაწილი უკვე პატიმრობაშია, ნაწილი კი საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურ კომუნიკაციაში. დასტებად დალაგებული დოლარების შეკვრები, ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობები, ძვირფასი საათების კოლექციები, მერსედესის ოქროს გასაღების აცმის საკიდიც კი მათი კორუმპირებულობის მასშტაბის სადემონსტრაციოდ. ყველაზე ძველი და ერთგული თანამებრძოლების საჯაროდ დამცირების აქტი, დაუნდობლობა და დემონსტრაციული გაწირვა.

რასაც 2 დღეა პროკურატურის და სუს-ის ბრიფინგებით გვიყვებიან და გვაჩვენებენ, ნაკლებად არის კორუფციასთან ბრძოლის და სამართლიანობის ისტორია და უფრო - ელიტისთვის გაგზავნილი მესიჯი: ერთგულება, კიდევ უფრო ზუსტად მორჩილება დაზღვევა არ არის. ასეთ სისტემაში შიშის, ზაფრვის „გაკვეთილები“ პერიოდულად უნდა მეორდებოდეს, რომ მორჩილება მუდმივად გადამოწმდეს.

ამ ბოლო 2 პროცესის ნეგატიური რეზონანსი მხოლოდ რეჟიმის სახელისუფლებო ვერტიკალში არ ლოკალიზდება, ძალიან მტკივნეულად შეეხება, როგორც მინიმუმ, 2 მომიჯნავე და სისტემის დანამატად ქცეულ სფეროებს - ბიზნესს და საპატრიარქოს. ამათგან პირველის რეზისტენტულობის რესურსი ყოველთვის მკვეთრად ლიმიტირებულია, აი ეპისკოპოსებისგან კი ოცნება ბევრ სურპრიზს შეიძლება ელოდოს.

და მაინც, ამდენი და საზოგადოების ასეთი ფართო სპექტრის გამაღიზიანებელი და უკმაყოფილების გამომწვევი ნაბიჯი ერთად და ასე ფორსირებულად...

რატომ ახლა?

ამისთვის მინიმუმ სამი ახსნა ზედაპირზეა და შესაძლოა სამივე ერთად მუშაობს:

პირველი - ფსიქოლოგიური: მმართველის პარანოიდული უსაფრთხოების ლოგიკა, სადაც რისკის ნულამდე დაყვანა ნიშნავს ნდობის ნულამდე დაყვანას.

მეორე - ტაქტიკური: 4 ოქტომბრის შემდეგ პროტესტის დროებითი დემორალიზაცია „ფანჯარად“ იქცა რეპრესიული გადაწყვეტილებების ფორსირებისთვის, სანამ ორგანიზაციული რესურსი კვლავ არ აღდგა.

მესამე ფაქტორი - გეოპოლიტიკურია: ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე და უკრაინის ომის შესაძლო პაუზაზე საუბრების პარალელურად, რეჟიმი ცდილობს შიგნით მაქსიმალური კონტროლის კონსოლიდაციას - იმისთვის, რომ დასავლეთთან „ვაჭრობის“ ფაზაში უფრო ძლიერის პოზიციიდან შევიდეს და თავისუფალი მანევრი ჰქონდეს.

თუმცა ამ ყველაფერს უკვე აქვს პოლიტიკური ეფექტი: საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მმართველობის ფორმებისადმი კიდევ უფრო ფართოვდება და ისეთ შრეებს მოიცავს, რომლის გააქტიურებაც რეჟიმისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. როცა კანონი სუსტდება, როგორც საერთო ხელშეკრულება და ძლიერდება როგორც ერთპიროვნული ბერკეტი, ხალხი, მათ შორის, ოცნების მხარდამჭერი ნაწილი, კარგავს თამაშის წესებისადმი ნდობას და ეს ხდება სისტემური, თუნდაც ავტორიტარული სტაბილურობის ეროზიის საწყისი.

ამდენად, არამარტო დემოკრატიის და ევროპული მომავლის გულშემატკივრებისთვის დასკვნა ადვილი გამოსატანია: თუ კანონი ყველასია, ის წინასწარ პროგნოზირებადია; თუ ის მხოლოდ ერთისაა, ის რეპრესიული ბერკეტია ნებისმიერის, თუნდაც ლოიალისტის წინააღმდეგ. პირველი ქმნის სტაბილურობას, მეორე - შიშს და დაუცველობას. და როცა ძალაუფლება კანონის ენით გთხოვს ჩუმად ყოფნას, დემოკრატიის ენაზე პასუხი ყოველთვის ერთია: არ შევეგუოთ და ვთქვათ სიმართლე, სხვათაშორის მათაც, რომლებსაც თავისიანები მოღალატის იარლიყს აკრავენ და რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი ყველა ცოდვას უსინდისოდ კიდებენ.

ასე არ ექცევიან არც თანამებრძოლებს, არც თანამზრახველებს. თუმცა ასე არ ვიტყოდით ჩვენსავე, არცთუ შორეულ ისტორიას კარგად რომ ვიცნობდეთ და დასკვნები გამოგვქონდეს...