ტრამპმა თქვა, რომ პარასკევს რუსეთში მიდის - დასავლური მედია ვარაუდობს, რომ მას ეს შეეშალა

ტრამპმა თქვა, რომ პარასკევს რუსეთში მიდის - დასავლური მედია ვარაუდობს, რომ მას ეს შეეშალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარასკევს რუსეთში მიდის, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

"მე ვლადიმერ პუტინს ვხვდები. პარასკევს რუსეთში მივდივარ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია დაგეგმილი. ეს ინფორმაცია გასულ კვირას თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

დონალდ ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, დასავლურმა მედიამ, მათ შორის BBC-მ დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით საუბრისას, სავარაუდოდ, შეცდომა დაუშვა.

თუმცა, ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით X-ზე წერს, რომ "მართლაც არსებობს გეგმები", რომ ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ხანმოკლე დროით რუსეთში გადავიდეს.