აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნად Fox News-ის წამყვანი და ვეტერანი პიტ ჰეგსეთი წარადგინა.
როგორც Reuters აღნიშნავს, ჰეგსეთს პენტაგონის ხელმძღვანელობა ე.წ. woke პოლიტიკის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებია. ამასთან, მან გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი "მემარცხენე პოლიტიკოსების რადიკალური პოზიციების გატარებაში" დაადანაშაულა.
პიტ ჰეგსეთის წარდგენას უკვე მოჰყვა კრიტიკა დემოკრატიული პარტიის მხრიდან.
"თავდაცვის მდივნის თანამდებობა არ უნდა იყოს დამწყები დონის სამუშაო", - დაწერა X-ზე კონგრესმენმა ადამ სმითმა, წარმომადგენელთა პალატაში შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა.
თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ტრამპმა შეაქო ჰეგსეთი, რომელიც არმიის ეროვნული გვარდიის ვეტერანია და, მისი საიტის თანახმად, ავღანეთში, ერაყში და კუბაში, გუანტანამოს ყურეში მსახურობდა.
"პიტი მკაცრი, ჭკვიანია და გულწრფელად სჯერა პრინციპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". პიტის ხელმძღვანელობით, ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან - ჩვენი შეიარაღებული ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს", - თქვა ტრამპმა.