აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში თავისუფლებისთვის მებრძოლ ვენესუელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
"მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი გონსალესი მშვიდობიანი გზით გამოხატავენ ვენესუელის ხალხის ნებას და წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმს. მათთან ერთად ასობით ათასი ადამიანი დგას, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
აშშ-ში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას, და მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.
ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს – მათი უსაფრთხოება და სიცოცხლე დაცული უნდა იყოს", – წერს ტრამპი.
ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში გამართული აქციის შემდეგ მადუროს რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო, რასაც ვენესუელაში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. არჩევნების შედეგები არ აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.