დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება. ნიუ-იორკის სასამართლომ პირველი სხდომის თარიღად 25 მარტი დანიშნა და არ დააკმაყოფილა ტრამპის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც პორნოვარსკვლავის დუმილისთვის თანხის გადახდას გულისხმობს.
ამავე დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩება დაიწყება.
ტრამპის ადვოკატები საქმის შეწყვეტას ან მისი განხილვის გადადებას მოითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ნიუ-იორკის სასამართლო პროცესის წარმართვას ვერ შეძლებდა და მსაჯულთა სასამართლო მიუკერძოებელი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სასამართლო პროცესი გავლენას იქონიებდა პრაიმერიზებზე და, ფაქტობრივად, არჩევნებში ჩარევა იქნებოდა.
"როგორ შეგიძლიათ არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში მანჰეტენის სასამართლო დარბაზში ისხდებით?" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობასთან.
მან მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
"საქმე სამი წლის წინ უნდა განეხილათ. აქ არავითარი საქმე არაა", - თქვა ტრამპმა.
ნიუ-იორკის პროცესი გახდება პირველი ოთხიდან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არის აღძრული.
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმის პროცესი მაისშია ჩანიშნული, ხოლო ჯორჯიის შტატის ხელისუფლება ამ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე განხილვის დაწყებას აგვისტოში მოითხოვს.
კიდე ერთი პროცესი - რომელიც არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულების მოწყობასა და კაპიტოლიუმზე შტურმში ტრამპის როლს გულისხმობს და ვაშინგტონში 4 მარტს უნდა დაიწყოს - ჯერ დაპაუზებულია, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
გასულ კვირას კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე იმუნიტეტი არ აქვს. ტრამპის ადვოკატებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ტრამპი ამტკიცებს, რომ მას აქვს იმუნიტეტი, რადგან კაპიტოლიუმზე შტურმის დროს და მანამდე პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდა.
რაც შეეხება ნიუ-იორკის სასამართლო პროცესს, რომლის პროცესიც მარტში დაიწყება, პორნო ვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდას ეხება. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა მისი ადვოკატის დახმარებით დენიელსს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მასთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი ეთქვა. თვითონ გადახდა უკანონო არ ყოფილა, მაგრამ პროკურორები ამბობენ, რომ ის გაფორმებული იყო, როგორც ადვოკატის ხელფასი იურიდიული სამსახურისთვის, რაც შტატში ანგარიშვალდებულების გაყალბებად მიიჩნევა და სისხლის სამართლებრივად ისჯება.
ადვოკატ მაიკლ კოენს აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპს, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ოფიციალური ბრალი არ წაუყენეს.
ყოფილი პრეზიდენტი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.