აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ამბობს, რომ სურს, რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. ეს განცხადება მან ამჯერად არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს.
"უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სწრაფად მინდა. პრეზიდენტმა პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელებაა", - თქვა მან.
CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართოს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.
გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზადაა.