
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სმარტფონები, კომპიუტერები და სხვა საკვანძო ტექნოლოგიური მოწყობილობები ახალი ტარიფებისგან გამონაკლისად გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გაფრთხილება გასცეს, რომ ჩინეთში წარმოებული პროდუქციის ფასები, ტარიფების შედეგად, მკვეთრად გაიზრდებოდა.
აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა პარასკევს გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სმარტფონები, კომპიუტერები, ნახევარგამტარები და მეხსიერების ბარათები აღარ მოხვდებიან არც ტრამპის 10%-იან გლობალურ ტარიფებში და არც ჩინური იმპორტისთვის დაწესებულ 125%-იან გადასახადებში.
ამ გადაწყვეტილებამდე, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ iPhone-ისა და სხვა ელექტრონიკის ფასი შესაძლოა სამჯერ გაზრდილიყო, თუკი ტარიფების ღირებულება მთლიანად მომხმარებელზე გადაინაცვლებდა.