აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მიიმართავს, შეაჩეროს კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2020 წლის არჩევნების საქმეზე მას პრეზიდენტის იმუნიტეტი არ აქვს.
ადვოკატების განცხადებაში აღნიშნულია რომ საპრეზიდენტო მარათონის პერიოდში მრავალთვიანი სასამართლო პროცესი "ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის უნარს პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ კამპანია ჩაატაროს".
თუ მოსამართლეების უმრავლესობა ტრამპის მოსაზრებებს გაიზიარებს, მაშინ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო შეიძლება არჩევნების შემდეგ გადაიდოს, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ჩატარდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტრამპს უარს ეტყვიან სასამართლო შესაძლოა გაზაფხულზე დაიწყოს.
როდის გამოიტანს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, უცნობია.
6 თებერვალს კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის საქმეში დონალდ ტრამპი იურიდიული დევნისგან იმუნიტეტით დაცული არაა. იუსტიციის დეპარტამენტის სპეცპროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ხმების დათვლაში ჩარევას ცდილობდა, ასევე, აპირებდა ხელი შეეშალა კონგრესისთვის ჯო ბაიდენის გამარჯვება დაედასტურებინა.
ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს და პროკურორებს მისი კამპანიისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ტრამპს "შეუზღუდავი იმუნიტეტი" აქვს, რადგან ბრალდებები ეხება პერიოდს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო.