ტრამპი: ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება

ტრამპი: ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას.

TIME-თან ინტერვიუში ომის დაწყების მიზეზად ტრამპი უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის დაწყებას ასახელებს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ოდესმე შეძლებენ NATO-ში გაწევრიანებას... სწორედ ამან გამოიწვია ომის დაწყება, როდესაც მათ დაიწყეს საუბარი NATO-ში გაწევრიანებაზე. ეს რომ არ განხილულიყო, ბევრად მეტი შანსი იქნებოდა, რომ [ომი] არ დაწყებულიყო", - ამბობს ის.

მისივე თქმით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება.

"ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება, ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა]. ეს მათთან იყო ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ისევ და ისევ, ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე ამას ვუწოდებ ომს, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო", - თქვა ტრამპმა.

მან გაიმეორა, რომ ყირიმი რუსეთს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამა გადასცა და მას "ამასთან არაფერი ესაქმება". მისივე თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.