
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბარი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გაავრცელა და დაწერა, რომ "საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს".
"ახლა დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი. ზარი დაახლოებით 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდასხმა რუსეთის გაჩერებულ თვითმფრინავებზე და სხვა იერიშები, რომლებიც ორივე მხარეს მიერ იქნა მიტანილი. კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს", - დაწერა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა "ძალიან მტკიცედ" თქვა, რომ უკრაინის მიერ აეროდრომებზე განხორციელებულ იერიშზე პასუხის გაცემა მოუწევს.
"პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა აეროდრომებზე [უკრაინის] იერიშზე", - წერს დონალდ ტრამპი.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"[განვიხილეთ] ფაქტი, რომ დრო ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული! პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ არ შეიძლება ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, და ამაზე, მჯერა, რომ ვთანხმდებით.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან საუბრებში და შეუძლია, სავარაუდოდ, სასარგებლო იყოს ამის სწრაფი მოგვარებისკენ მოყვანაში. ჩემი აზრია, რომ ირანი აყოვნებს თავის გადაწყვეტილებას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, უმოკლეს დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!", - წერს ის.