ტრამპი ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს

ტრამპი ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.

თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ეს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემი პატივია გაცნობით, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი ამგვარად ინიშნება, რომ იმსახუროს ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს მრჩევლად. მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა. [...]

მაიკი ჩემი - ამერიკა უპირველეს ყოვლისა საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება", - წერს დონალდ ტრამპი.

მაიკ უოლცი ერთ-ერთია 13 კონგრესმენს შორის, რომელმაც 2020 წელს ხელი მოაწერა ანგარიშს, სახელწოდებით - "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა", სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილი "ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ" იყო მოხსენიებული და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იყო მოთხოვნილი.

მაიკ უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს. ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩინეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება. 2022 წელს მან უკრაინისთვის ლენდ-ლიზის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცრაზმის, მწვანე ბერეტების ვეტერანია, იგი მსახურობდა ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.