ტაილანდელი ქალების ტრეფიკინგზე საქართველოში შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტაილანდელი ქალების ტრეფიკინგზე საქართველოში შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტაილანდური მედია საქართველოში ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 3 დაზარალებული ქალი სომხეთის გავლით საქართველოში მოტყუებით ჩამოყვანაზე საუბრობს.

"ყოველ მე-7 დღეს დავყავდი კლინიკაში ინიექციის გასაკეთებლად,უნდა მიმეღო მხოლოდ ტაილანდიდან ჩამოტანილი მედიკამენტი. ზოგიერთი გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, მიჰყავდათ ყოველთვიურად და უღებდნენ ახალ კვერცხუჯრედებს",- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მსხვერპლი ქალები ლეგალური სუროგაციის დაპირებით მოტყუებით ჩამოიყვანეს ქვეყანაში და მათ აიძულებდნენ ჩართულიყვნენ კვერცხუჯრედის მოპოვების პროცედურებში, ხოლო პოლიციასთან მიმართვის შემთხვევაში ციხით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

როგორც ტაილანდელი ქალები ყვებიან, ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი დაუკავშირდა ტაილანდის საგამოძიებო უწყებას, სწორედ ამის შემდეგ ტაილანდურმა მხარემ ჩაატარა ინტერპოლთან ერთად საგამოძიებო სამუშაოები და ამ ეტაპზე 3 ტაილანდელი ქალი აღარ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნულ საკითხზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა.

გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა.

სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს. პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ბანგკოკის ინტერპოლმა მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება",- წერია განცხადებაში.