
ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, "არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის 2 მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის".
საუბარია 11 სექტემბერს, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინის 2 მოქალაქის დაკავების ფაქტზე, რომლებსაც ქვეყანაში 2.4 კილოგრამის ოდენობით აფასეთქებელი ნივთიერება - ჰექსოგენის შემოტანას ედავებიან.
"ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში, დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, უკრაინის ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათმიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. პაუტინა 2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის", - აცხადებენ სუს-ში.