
ეუთოს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
განცხადების თანახმად, წევრი სახელმწიფოები წუხილს გამოხატავენ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დროულად არმიწვევის გამო, ასევე გამოხატავენ "ღრმა და უცვლელ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით".
წევრი სახელმწიფოები წუხან, რომ მათ მიერ "წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ", რაც მათივე თქმით, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
ეუთო-ს განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები "ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში ჩატარდება, რასაც თან ახლავს რამდენიმე ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება". ამ კონტექსტში, ეუთო აცხადებს, რომ მათთვის მიწვევის დროული არ გაგზავნა "სამწუხარო" და "საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკიდან გამომდინარე, ღრმად შემაშფოთებელია".
ეუთო განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები ქართული ოცნების კრიტიკოსების, კერძოდ - მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ეუთო განცხადებაში მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის 2-წლიან არაპროპორციულ განაჩენს და ასევე, რამდენიმე მომიტინგესთვის ბოლოდროინდელ პატიმრობას. 37 სახელმწიფო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი.
ეუთო აღნიშნავს, რომ კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგის და ეუთო-ს პრინციპებისადმი ერთგულება და ვალდებულებები, ასევე, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან.
ეუთო-ს 37 სახელმწიფო აღნიშნავს, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში.