რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გუგუტიშვილისა და კახაბრიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად", - აღნიშნავენ უწყებაში.