
სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ძმები, ტარიელ და ლეონიდე თენაძეები თავისუფლები არიან და ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ისინი, რუსებმა კიდევ ერთ ადამიანთან ერთად 11 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მესამე დაკავებული მალევე გათავისუფლდა.
"ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება", - წერია სუს-ის განცხადებაში.