
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა. როგორც უწყების წარმომადგენელმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლ. ც. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.
გამოძიების თანახმად, ლ. ც. აღნიშნული თანხის ნაწილს საბანკო გზითა და პირადი შეხვედრებისას უკვე დაეუფლა, თუმცა დაპირება არ შეუსრულებია. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მუხლით (სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში ფიგურირებს აუდიო/ვიდეო მტკიცებულებებიც, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს.
ლაშა ცანავას მიმართ სამართალდამცავი ინტერესის გამოჩენა არც პირველი შემთხვევაა — 2024 წლის 10 აპრილს იგი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რაც, მისი განმარტებით, უკავშირდებოდა 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს. იმ დროისთვის ცანავა პოლიციელად მუშაობდა.