სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. უწყების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.