სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს "ჯაშუშობის" ბრალდებით 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძე, "საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და ქართულ სპეცსამსახურებს სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადასცემდა". დაკავების ე.წ. სპეცოპერაცია 20 ივლისს ჩატარდა.
ვიდეოში, რომელიც ე.წ. უწყებამ გაავრცელა, "დანაშაულის მტკიცებულებებად" ნაჩვენებია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცელზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.
"თუ სადმე წახვედი, გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე"- წერია ფურცელზე.
კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი, ნახევრად დამწვარი ფურცელი, რომელზეც ხელით დაწერილი ტექსტია.