სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყების განცხადებით, ვასიკო ქენქაძის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცხელი ხაზის მექანიზმი. სუს-ში აცხადებენ, რომ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე, ხოლო ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. მათი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.