სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აშშ-ის ორგანოებმა აღნიშნული გამოძიება ეჭვქვეშ დააყენეს და მათთვის ეს რეაგირება "სავსებით ამომწურავია".
"ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის", - აღნიშნავენ უწყებაში.
სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ე.წ. ჰავანას სინდრომზე ჟურნალისტური გამოძიება გამოაქცეყნა. მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც ჰავანის სინდრომი, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული.
გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემის თანახმად, სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა.