"ჰავანის სინდრომის უკან რუსეთია, სამიზნე საქართველოშიც ჰყავდა" - The Insider-ის გამოძიება

მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ. მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც ჰავანის სინდრომი, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული.

გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემის თანახმად, სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დაზარალებული ქალი ქმართან ერთად საქართველოში 2020 წლის თებერვალში პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ქმარი ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. ჯოი (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ ერთ დღეს მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რაც ჰგავდა შეგრძნებას, რასაც ფილმებში ბომბის აფეთქების შემდეგ აღწერენ. ამბობს, რომ ამას სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის ყურისა და თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მოჰყვა.

"მაშინვე ვიგრძენი თავი როგორ დამიმძიმდა, შემდეგ კი მწვავე ტკივილი დამეწყო. ამის შემდეგ ჩავედი ქვედა სართულზე, შევამოწმე უსაფრთხოების კამერა, რომეოლიც შემოსასვლელი კარის გვერდით იყო. მინდოდა, მენახა, იყო თუ არა გარეთ ვინმე, ჩვენს ჭიშკართან მანქანა, შავი მერსედესი იდგა და მას ფოტო გადავუღე", - იხსნებს ჯოი.

მისივე თქმით, გარეთ გავიდა, სადაც მაღალი, გამხდარი კაცი დაინახა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, თუმცა მალე ჩაჯდა მანქანაში და მხოლოდ ავტომობილის სანომრე ნიშნის გადაღება შეძლო. ქალი იხსენებს, რომ იგივე ადამიანი 3 წლის შემდეგ ნახა, როდესაც GRU-ს 29155-ე ქვედანაყოფის წევრის ფოტო აჩვენეს.

საუბარია ალბერტ ავერიანოვზე, 29155-ე ქვედანაყოფის დამფუძნებლის, ანდრეი ავერიანოვის შვილზე. The Insider წერს, რომ ავერიანოვს 16 წლიდან ამზადებდნენ, რათა ჯგუფის წევრი გამხდარიყო. თავდასხმისას ის 23 წლის იყო. გამოცემის ცნობითვე, ანდრე ავერიანოვი ახლა 56 წლისაა და მას აფრიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმართვა ევალება.

The Insider გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს. რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ის აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, რადგან ორივე მსხვერპლის ტვინში აკუსტიკურ არტეფაქტებს იწვევს. სამი გამოცემა მიუთითებს იმასაც, რომ GRU-ს აღნიშნული ქვედანაყოფი საბოტაჟის ოპერაციებს პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად მთელ მსოფლიოში ატარებენ.

ფორმულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.