დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რისი სუნაკის განცხადებით, ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოს აფეთქება დიდი ალბათობით ღაზიდან გაშვებული რაკეტით ან მისი ჩამოვარდნილი ნაწილით მოხდა. შესაბამისი განცხადება სუნაკმა ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით გააკეთა.
სუნაკი ამბობს, რომ რაკეტა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული.
"ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება, დიდი ალბათობით, იყო გამოწვეული ღაზიდან გაშვებული რაკეთით ან მისი ნაწილით - რაკეტა ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული... ცრუ ინფორმაციამ ამ ინციდენტის შესახებ რეგიონზე ნეგატიური გავლენა იქონია, მათ შორის აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის დიპლომატიურ ძალისხმევაზე და დაძაბულობაზეც", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
***
ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.
BBC-ის ცნობით, ჰამასმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს მიანიჭა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც "სამხედრო დანაშაული".
ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას და აღნიშნავენ, რომ "საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე". თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.
IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.
18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.