სულაკაურის დირექტორი: ვვარაუდობთ, რომ კიდევ ერთი რუსული კანონის, ცენზურის დაანონსებაა

გაუგებარი იყო ჩვენთვის რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი მაშინ, როცა წიგნები აღარ არის გაყიდვაში თან რამდენიმე წელია და უცებ ვხედავთ, რომ რაღაც ტალღა აგორდა. ბოლოს როდესაც უკვე დავიწყეთ ფიქრი და რა განცხადებებს მოჰყვა ეს ვვარაუდობთ, რომ სწორედ კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის, გამოცემის, გამოქვეყნების შეზღუდვის დაანონსებაა. ასე რომ, მგონია ძალიან საგანგაშო ტენდენციასთან გვაქვს საქმე.

ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სხვადასხვა ადამიანებსა თუ დაწესებულებებს თავს ესხმის. ერთერთია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა.

ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.