საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის მოთხოვნით, TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში შესვლა შეუზღუდეს.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაცით, ქაჯაია იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელსაც გადაცემა მელაძის შაბათიდან აკრედიტაცია ჰქონდა, შესაბამისად, ამ აკრძალვის გამო გადაცემის გუნდი პარლამენტში მუშაობას ვეღარ შეძლებს.
"პარლამენტის ანონიმმა დეპუტატმა, შაბათის ეთერის საპარლამენტო ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას შეუჩერა აკრედიტაცია! წერილში, რომელიც 10 დღის შემდეგ ჩაგვბარდა, იმ დეპუტატის გვარიც კი არ არის მითითებული ვის გამოც, ჩვენი პროფესიული მოვალეობის განხორციელებას ვეღარ შევძლებთ.
პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ ვიგებთ, რომ პარლამენტში შესვლის უფლება ჩამოგვართვა სოზარ სუბარმა, სრულიად აბსურუდული მიზეზით და ვიდეოს ავტვირთავ რამდენიმე წუთში.
რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ.
მედიის მოვალოებაა ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის დროს, პასუხისმგებელ პირებს დაუსვას კითხვები და მოიპოვოს მათი პასუხები. რადგან ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა პარლამენტში, ამიტომ იძულებული ვიქნებით, სოზარ სუბართან და პარლამენტის სხვა წევრებთან ინტერვიუ ჩავწეროთ, პარლამენტს გარეთ: მაღაზიასთან, სახლთან, სალონთან, რესტორანთან, სადაც კი მოვახერხებთ.
პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულ რეპრესიულ წესებს, დეპუტატები იყენებენ ბოროტად, რამაც უკვე საშიში პრეცედენტები შექმნა", - წერს მელაძე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. აკრედიტაცია შეუჩერეს ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს, ასევე, გაუუქმეს მთავარი არხის ჟურნალისტსაც.