
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აუკრძალა მანამ, სანამ საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ გადაწყდება.
ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს.
"რამდენიმე საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.
ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, ჩვენ უახლოეს დღეებში სასამართლოსგან აფგან სადიგოვის გათავისუფლებას მოვითხოვთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროპული სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.
სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის არ გადაეცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს",- წერია განცხადებაში.
***
3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.