NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოსთვის ვაშინგტონის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა NATO-ს გენერალურ მდივანს ჰკითხა, განიხილება თუ არა დღესაც NATO-ში გაწევრების მისწრაფებების კუთხით საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად, რაზეც სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად ბუქარესტის სამიტის დაპირებისა ორი ქვეყნის მიმართ, უკრაინასა და საქართველოს შორის "გასაგები განსხვავებებია".
სტოლტენბერგის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის თავიდანვე იყო განსხვავებები. მან აღნიშნა, რომ "საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ".
"არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ნატოსგან, რომ ნატოს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
ორ ქვეყანას შორის განსხვავებაზე საუბრის შემდეგ, ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ჰკითხა, "რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე". კერძოდ: "როდესაც ამბობთ, რომ არსებობს განსხვავება იმას შორის, რაც 2008 წელს ვიხილეთ საქართველოში და რაც დღეს უკრაინაში ხდება, ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოიძებნება, ვინც არ დაგეთანხმებოდათ და იტყოდა: ომი ომია, სისხლი ორივეგან დაიღვარა. რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე?".
ამ კითხვაზე პასუხად ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ "საქართველო და უკრაინა სხვადასხვა დონეზე არიან, თუმცა ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც მათთან დაკავშირებით ცალ-ცალკე მიიღება".
"განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს და ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა სტოლტენბერგს ასევე ჰკითხა, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს რაიმე მოლოდინი ვაშინგტონის სამიტისგან, რაზეც გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ალიანსს საქართველოსთვის შეუძლია, საჭირო რეფორმების გატარებაში დახმარებაა.
სტოლტენბერგის თქმით, რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება ქვეყანა NATO-ს წევრი თუ შედარებით შორეულში.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა ნატოს წევრი თუ შედარებით შორეულში", - თქვა სტოლტენბერგმა.