NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
"NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი მხარდაჭერა გავზარდეთ, თუმცა უკრაინაში NATO ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
ეს არის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ამ უფლების დაცვაში მათ მხარი დავუჭიროთ", - აღნიშნა მან.
მანამდე, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ინტერესებში არ შედის.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.