უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინას სურს NATO-ს შემდეგი წევრი გახდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი ალიანსს შეუერთდება.
"ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ უკრაინის "ფინეთიზაციაზე". მას შემდეგ, რაც ფინეთი NATO-ში მიიღეს, მზად ვართ, ფინეთის გზას დავადგეთ. ასევე, მზად ვართ, "ფინეთიზაციისთვის".
24 თებერვლის შემდეგ, ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა, NATO-ს 33-ე წევრი გავხდეთ და გვსურს, ეს გზა ისე გავიაროთ, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს", - ამბობს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი.
სტეფანჩუკის თქმით, NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებენ და ყველა წევრს შორის კონსენსუსის მისაღწევად, უკრაინამ მინიმუმ გარკვეული შესაბამისობა და პოტენციური პროგრესი უნდა აჩვენოს.
"მე ვფიქრობ, ეს იქნება მათი გადაწყვეტილების საფუძველი", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა.