
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ მზადაა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, უკრაინაში ბრიტანული ჯარები განათავსოს. სტარმერი ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს.
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტარმერმა ღიად თქვა უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების გაგზავნაზე. მისი მხრიდან ეს განცხადება წინ უსწრებს დღეს პარიზში ევროპელ ლიდერებს შორის დაგეგმილ სამიტს.
"დიდი ბრიტანეთი მზადაა, წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარების განთავსებით. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას.
მაგრამ, ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, ჩვენი კონტინენტისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას ნიშნავს. ამ ომის დასასრული, როცა ის დადგება, არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე"- აცხადებს სტარმენი.