
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ საჯაროდ უფრო მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინათ.
სტარმერის თქმით, ოვალურ კაბინეტში ორი ლიდერის შეხვედრა არასწორი მიმართულებით წარიმართა, რის შემდეგაც გაერთიანებულ სამეფოს სთხოვდნენ, რომ მწვავე შეფასებები გაეკეთებინათ.
"მივიჩნიე, რომ უმჯობესია პირადად დავკავშირებოდი ორივე მხარეს და მემუშავა მათთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად," – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონათან პაუელი, კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთან ემსჯელა, თუ როგორ უნდა აღედგინა ურთიერთობა ტრამპთან. შემდეგ თავად დაუკავშირდა ტრამპს, რათა შეეთანხმებინა ნაბიჯები, რაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. საბოლოოდ, სატელეფონო საუბრისას, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს.
სტარმერმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობასა და გაერთიანებული სამეფოს როლზე დასავლურ კოალიციაში გაუსვა ხაზი.
"ზოგიერთი გვიბიძგებს, არჩევანი გავაკეთოთ აშშ-სა და ევროპას შორის, მაგრამ ეს ისტორიული შეცდომა იქნება. არც ჩერჩილმა და არც ეტლიმ ასეთი არჩევანი არ გააკეთეს და ვფიქრობ, ჩვენც უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი," – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა უფრო მეტად უნდა გაიზიარონ.