
თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებელთან საპროტესტო აქცია გამართეს.
სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს დიპლომი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გაუუქმა და მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.
ამასთან, იმამოღლუს დაკავება პარლამენტშიც გააპროტესტეს.
სტამბოლის მერის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ "19 მარტი თურქეთის ისტორიაში შევა, როგორც შავი ლაქა და 19 მარტის გადატრიალების სახელით დარჩება“.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა. გამოძიებამ ის კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორმა 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
იმამოღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი და ოპოზიციონერი ლიდერია.
თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღით ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.
გუშინ, 18 მარტს, ექრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება შეუზღუდა.