"სპექტაკლს "მინდა მივიწერო კარგი საქმე" არ დავესწრებით" - მდინარაძე პრეზიდენტის მიწვევაზე

"სპექტაკლს "მინდა მივიწერო კარგი საქმე" არ დავესწრებით" - მდინარაძე პრეზიდენტის მიწვევაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიწვევას "სპექტაკლს" უწოდებს და ამბობს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ამ მოანტრაქტო სპექტაკლს, რომელსაც სათაური ჰქვია "მინდა მივიწერო კარგი საქმე" და რომლის მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა არ დავესწრებით და მონაწილეობას არ მივიღებთ მასში. ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ცდილობს ეს ამბავი მან მიიწეროს.

წარმოუდგენელი ამბავია. არამხოლოდ არ თქვა, ეს ბევრმა ოპოზიციონერმა გააკეთა, მაგრამ ქალბატონმა სალომემ არათუ არ თქვა, რაც სიმართლე იყო, პირიქით - თქვა,რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და არც წელს ვიმსახურებდით. უფრო მეტი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინაშე მე ვერ წარმომიდგენია"- თქვა მდინარაძემ.

პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.