სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ვგმობთ თვითნებურ დაკავებებს და საპოლიციო რეპრესიებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ვგმობთ თვითნებურ დაკავებებს და საპოლიციო რეპრესიებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დღეს, თემქის პოლიციასთან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, საზოგადოებას შესაბამისმა ორგანოებმა მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის შესახებ და გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

"დღეს, უწყვეტი პროტესტის 52-ე დღეს, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან მსვლელობით თემქის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ. მოქალაქეებმა პოლიციურ რეჟიმთან დაუმორჩილებლობის გამოხატვის მიზნით სახე ნიღბებითა და შარფებით დაიფარეს, რასაც 6 ადამიანის ძალადობრივი დაკავება მოყვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ და ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს, ერთ-ერთ დაკავებულის განყოფილებაში შეყვანისას შუშის კარები დაიმსხვრა.დაკავებულებს შორის არიან თეატრალური პლატფორმის "ჰარაკის" გუნდის წევრი - მარიამ პაიჭაძე, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი. აგრეთვე აქტივისტები - სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.

როგორც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მარშის მონაწილეებს პოლიციამ მათ იდენტიფიცირების მიზნით ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. მოქალაქეებმა პოლიციას საკუთარი თავის იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცეს და რამდენიმე წუთით ნიღაბი მოიხსნეს, თუმცა შსს-ის წარმომადგენლებმა ისინი მაინც დააკავეს. მომიტინგეების დაკავებას წინ უსწრებდა მოქალაქეების შეძახილი, რომ ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პოლიციურ რეჟიმს. აღსანიშნავია, რომ ნიღბების გამოყენება, ისევე როგორც დაუმორჩილებლობების შეძახილები შეკრების შინაარსის და მისი გზავნილის არსებითი ნაწილი იყო. დაუმორჩილებლობის შესახებ ვერბალური შეძახილები არ გულისხმობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ და წარმოადგენდა რეპრესიული კანონებისა და საპოლიციო პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ სიმბოლურ აქტს, რომელიც დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამას ადასტურებს ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს პოლიციისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა მათი იდენტიფიცირების პროცესში და მათი მითითება შეასრულეს", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს ოცნებამ დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს.

ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ თემქის პოლიციასთან სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა.

"როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია", - ხაზგასმულია განცხადებაში.

***

საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის 6 მოქალაქე თემქის პოლიციასთან ნიღბის ტარებისთვის დააკავა. მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციის შენობასთან მივიდნენ.

ჯგუფ დაიტოვეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიღბის ტარებისთვის დაკავებული მოქალაქეების ვინაობა ცნობილია.

"თემქაზე დაკავებული აქტივისტები: სონა კალანდაძე; გურამ მაცხონაშვილი; მარიამ პაიჭაძე; თამარა ჩუმაშვილი; რომან აკოპოვი; კიდევ ერთი მარიამი, ნიღბის ტარების გამო", - ვკითხულობთ ჯგუფ დაიტოვეში.